„თანამედროვე მედიცინას ფეხდაფეხ მივყვებით“ ზვიად ბახუტაშვილი

„თანამედროვე მედიცინას ფეხდაფეხ მივყვებით“ ზვიად ბახუტაშვილი

უცვლელად გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო პირველის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ზვიად ბახუტაშვილთან.


ზვიად ბახუტაშვილმა (რომელიც ქირურგიის დეპარტამენტს შექმნის დღიდანვე ხელმძღვანელობს), ამ ხნის მანძილზე უამრავი საინტერესო, ურთულესი, ინოვაციური და უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

რამდენიმე თვის წინ, ზვიად ბახუტაშვილის მიერ უპრეცედენტო ოპერაცია გაკეთდა.

65 წლის პაციენტს კარდიოქირურგიული ოპერაცია 6 საათის განმავლობაში 4 სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობის მიზნით უკეთდებოდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამიტომაც, ზვიად ბახუტაშვილს პაციენტები სასწაულმოქმედად მოიხსენიებენ.


ზვიად ბახუტაშვილი: 2000 წელს ქალბატონმა გულიკო ჩაფიძემ მითხრა რომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად აპირებდა კარდიოქირურგიული განყოფილების გახსნას და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სხვა გეგმები მქონდა, ეს ჩემთვის საკმაოდ მიმზიდველი წინადადება იყო, დავთანხმდი მის შემოთავაზებას და არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება. პირველი ოპერაცია 2001 წლის 11 ივნისს ჩატარდა ჩვენს კლინიკაში. Pპირველი წელიწადნახევრის განმავლობაში საკმაოდ სოლიდური მხარდაჭერა გვქონდა ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენი თანამშრომლები (როგორც ექიმები, ისე საშუალო რგოლის სამედიცინო პერსონალი), ხანმოკლე პერიოდით მიდიოდნენ გერმანიაში იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად დახელოვნებულიყვნენ და მეტი გვესწავლა ჩვენი გერმანელი კოლეგების მაგალითზე.


რა პერიოდში შეძლო ჩაფიძის კარდიოლოგიურმა ცენტრმა სრულიად დამოუკიდებლად მუშაობის გაგრძელება?


რამდენიმე წელში ჩვენ გადავედით ისეთ ავტონომიურ რეჟიმზე, რომ თანამედროვე მედიცინაში მიმდინარე პროცესებს ფეხდაფეხ მივყვებით. დაახლოებით 2008 წლიდან თავისი ინტელექტუალური რესურსით უკვე შეეძლო განვითარების გზების დამოუკიდებლად დაგეგმვა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ასეთი ტიპის კავშირები ძალიან საჭირო და ნაყოფიერია, ვინაიდან მე მიმაჩნია, რომ დახურული სისტემა ვერ ვითარდება და ყოველთვის განწირულია დაღუპვისთვის.


ჩაფიძის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარდიოლოგიური ცენტრია, თქვენ როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქირურგს, რა კომფორტი გაქვთ აქ წარმატებლი საქმიანობისთვის?


რეალურად დიდების კარდიოქირურგია ამ მასშტაბებით ჩვენ დავიწყეთ საქართველოში და დღემდე ასე ვაგრძელებთ, რასაც მოწმობს ჩვენი ყოველწლიური ლიდერობა შესრულებული ოპერაციების რაოდენობის და მრავალფეროვნების თვალსაზრისით.


გარდა იმისა რომ გვაყავს ქირურგიაში მომუშავე ძალიან კარგი პროფესიონალი კარდიოლოგები, გვაქვს დიდი კარდიოლოგიური განყოფილება. ჩვენი განყოფილება ადამიანური რესურსებითაც ყველაზე დიდი და ძლიერია, ხდება სამუშაოების გადანაწილება და წლებია რაც გარკვეული პროცედურები აღარ ჩამიტარებია, რადგან არიან ექიმები რომლების ამას უნაკლოდ აკეთებენ. ჩვენს კლინიკაში შრომის იერარქიულად გადანაწილება ქმნის უდიდეს კომფორტს და გვიზოგავს დროს. ამით უფრო ეფექტური ხდება ჩვენი მუშაობა მეტი დრო რჩება შემდგომი განვითარების დაგეგმისთვის. მიუხედავად ამისა, მაინც გვიანობამდე მიწევს ხოლმე კლინიკაში ყოფნა. მთელი გუნდი დიდი წარმატებით ვთანამშრომლობთ, ვმეგობრობთ და შეიძლება ითქვას, ერთ ენაზე ვსაუბრობთ, მე ვთვლი, რომ ჩვენ მუშკეტერების პრინციპი გვაქვს: ერთი ყველასათვის, ყველა –ერთისთვის. ეს ყველაფერი კი მიმართულია პაციენტების ინტერესების დასაცავად, რაც პირველი და უზენაესია. მე ვფიქრობ, ექიმს, რომელიც ერთხელ მაინც დაივიწყებს პაციენტების ინტერესებს, არანაირი მორალური უფლება არ აქვს ჩაიცვას თეთრი ხალათი და ურთიერთობა ჰქონდეს პაციენტთან.


პაციენტის ასაკს რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენს პროფესიაში?


ზოგადად გულის ოპერაციებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, მაგალითად, ერთმა ჩემმა მეგობარმა ამერიკაში 105 წლის პაციენტს გაუკეთა ოპერაცია, თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად ჰუმანურია მედიცინა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთი ცნობიერებით და ფიზიკური მდგომარეობით მძიმე და არაპერსპექტიულ მდგომარეობაში არიან. ჩემი შეხედულებით, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ყველანაირი სამედიცინო დახმარება, თუ არის იმის შანსი, რომ მას ეს გამოადგება და რაღაცა სახით სიკეთეს მოუტანს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ, ჩვენი კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებისთვის გამიზნული.
თუ ადრე პაციენტი ექიმთან სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიდიოდა, დღეს ამ საკითხის პარალელურად ვიბრძვით ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ 10-12 წლის წინ 75 წლის პაციენტებს დიდი სიფრთხილით განვიხილავდით საოპერაციოდ, ამჟამად ხშირად 80 წელს გადაცილებულს ვურჩევთ ქირურგიულ მკურნალობას, წარმატებული ოპერაციის მაღალი ალბათობით.


თქვენი კლინიკა ბევრი მიმართულებით იყო ერთ-ერთი პირველი საქართველოში, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის ქირურგიული ჩარევები, რაც თქვენთან შესრულდა პირველად?


სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულია ამ ყველაფრის ზუსტად ჩამოთვლა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ მაგალითად, 2012 წელს ჩვენ პირველებმა დავიწყეთ საქართველოში მინი ინვაზიური ქირურგია, რაც ჩემი ინფორმაციით, ასევე პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. გარდა ამისა, არის მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები, რომელიც დასავლეთ ევროპაშიც მხოლოდ ერთეულ კლინიკებს აქვს დანერგილი. გამოვყოფ კიდევ ერთი ოპერაციას, რომელსაც ზაფხულის მონაცემებით მხოლოდ 30 კლინიკა აკეთებდა მსოფლიოში და გაზაფხულზე 2 წელი გახდება რაც ჩვენ ეს მეთოდიკა დავნერგეთ. საუბარია ე.წ ოზაკის ოპერაციაზე რაც გულისხმობს გულის სარქველის ჩანაცვლებას არა ხელოვნური, არამედ თავად პაციენტის პერიკარდიუმიდან აღებული მასალით. ამ ოპერაციას აქვს მთელი რიგი უპირატესობები ხელოვნურ სარქვლებთან შედარებით. ეს მეთოდი პოპულარობას იხვეჭს მთელ მსოფლიოში.


თქვენი აზრით, რამდენად რეალურია საქართველოში ჩამოყალიბდე კარგ პროფესიონალად?


ეს დიდი და რთული თემაა, ამისთვის ჩვენი პრე და პოსტდიპლომური განათლების სისტემა უნდა მივუახლოვოთ დასავლურს. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თუმცა, როდესაც არის დიდი სურვილი და შრომისმოყვარეობა, მე მიმაჩნია, რომ ყველა მიზანი მიღწევადია. ჩემი სპეციალიზაციის პერიოდში მოსკოვი იყო ყველაზე მაღალი წერტილი, ამჟამად ახალგაზრდებს ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვთ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩემი მხრივ, მე ვცდილობ სწორი რჩევა მივცე ხოლმე, როცა ამის საშუალება მაქვს. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ ისეთი ოპერაციების მსვლელობაში, რომელიც თანამედროვე მიღწევების შედეგია და ბევრგან ჯერ კიდევ არ კეთდება. ასე რომ, თუ სწავლა უნდათ ყველგან ისწავლიან, თუმცა საჭიროა ბევრი სხვადსხვა ვარიანტი ნახონ.

მაქვს კიდევ ერთი ჩემი გულისტკივილი, რომელიც პროფესიას არ შეეხება - პირად საუბრებში ყველა ვუჩივით, რომ ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა და რატომღაც გვიჭირს იმის გაანალიზება, რომ რეალურად თითოეული ჩვვენგანი ერთად ვართ ეს ქვეყანა. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის ძალიან დიდი გულისტკივილია ის უხეშად დარღვეული სისუფთავის ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ჩადიაან.


და კიდევ, ავტომობილები, რომელიც საჯარო მოხელეებს ემსახურება, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და საფრთხეს უქმნის თანამოქალაქეებს. ნებისმიერი პროფესიის და თანამდებობის მიღმა, ჩვენ ყველა ვართ ამ ქვეყნის რიგითი შვილები და ჩვენი წილი ვალდებულება გვაქვს მის წინაშე. არ მჯერა რომ ადამიანი, რომელიც ქუჩას ანაგვიანებს, ან საჭიროების გარეშე გადის შუქნიშნის წითელზე, კარგი და კეთილსინდისიერი მუშაკი იქნება. იდეა მაქვს, სოციალურ ქსელში გამოვფინოთ ხოლმე ასეთი დარღვევების ამსახველი სურათები. თუ ყველა პროფესიაზე და თანამდებობაზე მაღლა ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს დავაყენებთ, ამით ყველაზე დიდ სარგებელს მოვუტანთ ამ ქვეყანას.



                                                                                                                                                 

                                                                                                                                                      ნინი კაპანაძე

დაგვიმეგობრდით