თენგიზ ვერულავას და რევაზ ჯორბენაძის სამეცნიერო გამარჯვება

თენგიზ ვერულავას და რევაზ ჯორბენაძის სამეცნიერო გამარჯვება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის თენგიზ ვერულავას და აღმასრულებელი დირექტორის, მედიცინის დოქტორის რევაზ ჯორბენაძის მიერ წარდგენილმა პროექტმა "ჯანდაცვის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში: სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული და ფინანსური პერსპექტივა“. პროექტმა მიიღო უმაღლესი შეფასება და აღიარებულ იქნა ერთ-ერთ საუკეთესო კვლევით პროექტად.


სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით, ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.


პროექტი მიზნად ისახავს კომპლექსურად შეისწავლოს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებამ გაზარდა მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობა, ისევ პრობლემად რჩება ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების დიდი წილი, პირველადი ჯანდაცვის არასათანადო განვითარება, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამების ეფექტური თანაარსებობის გამოუყენებლობა, სამედიცინო ორგანიზაციების არამომგებიანი მესაკუთრეობის ფორმების განუვითარებლობა, ჯანდაცვის ხარჯების შეკავების ეფექტური, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მეთოდების დანერგვისა და სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმების შემოღების საჭიროება, სამედიცინო პერსონალის არათანაბარი განაწილება (ექიმების სიჭარბე, ექთნების დეფიციტი) და დაბალი ანაზღაურება, მათი უფლებების დაუცველობა. საქართველო ჯანდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში, რადგანაც დარგში მიმდინარე რეფორმებმა სისტემის მმართველი წრეები მრავალი პრობლემის წინაშე დააყენა.


აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ულოცავს ბატონ თენგიზ ვერულავას და ბატონ რევაზ ჯორბენაძეს სამეცნიერო გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს!

დაგვიმეგობრდით