პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში

პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში "Family Medicine & Primary Care Review“

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Family Medicine & Primary Care Review" გამოქვეყნდა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული ნაშრომი "The Gatekeeper Model: patient’s view on the role of the family physician" (ქართ. თარგმანი: პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭეობა და მიმართვიანობა: პაციენტების თვალსაზრისი ოჯახის ექიმის როლზე“)


ჟურნალი " Family Medicine & Primary Care Review“ ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში: SCOPUS, Web of Science, Clarivate Analytics, EBSCO, Central European Journal of Social Sciences and Humanities.

ნაშრომის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა (მედიცინის დოქტორი, პროფესორი), რევაზ ჯორბენაძე (მედიცინის დოქტორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი), ლეილა კარიმი (ტრობეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი, დოქტორი, მელბურნი, ავსტრალია), ანა ლორქიფანიძე (სოციოლოგიის მაგისტრი, მკვლევარი), ეკატერინე ელიავა (ექიმი, კლინიკა "სენამედი“), თამარ მაღლაკელიძე  (ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი), ბექა დანგაძე (ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი).


პრესტიჟულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნება ხელს უწყობს  აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ცნობადობის ზრდას მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში.


სტატიის ელექტრონული მისამართია:

https://www.termedia.pl/The-Gatekeeper-Model-patient-s-view-on-the-role-of-the-family-physician,95,39678,0,1.html?fbclid=IwAR0esCjEo6b9ARG-h7g3dKyzYAPOfz9_4Trln2obd5y9h6XpfzKOvjX7qKI

ნაშრომის რეზიუმე:

ნაშრომში განხილულია ოჯახის ექიმის როგორც ჯანდაცვის სისტემის მეკარიბჭის როლთან მიმართებით პაციენტების მახასიათებლები, პრეფერენციები და ქცევა. გამოყენებულ იქნა ჯვარედინ-სექციური რაოდენობრივი კვლევა.

ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციულ მოწყობაში პირველად ჯანდაცვას   განსაკუთრებული როლი ეკისრება. პირველადი ჯანდაცვის გამართულ სისტემაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი, სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვაზე გამოყოფილი მწირი სახსრების ეფექტური ხარჯვა. ოჯახის ექიმი, რომელიც ჯანდაცვის სისტემის "მეკარიბჭეა“, ახდენს დაავადების პირველად შეფასებას, მართვას, პაციენტის კოორდინაციას და საჭიროების შემთხვევაში მის მიმართვას ექიმ-სპეციალისტებთან. ერთის მხრივ, ოჯახის ექიმი არის პაციენტის "მრჩეველი". მეორეს მხრივ, მას შეუძლია საჭირო და შესაფერისი სამედიცინო მომსახურების შესახებ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, რაც ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს არ გააჩნდა მნიშვნელოვანი ეფექტი ამბულატორიული მომსახურებაზე. პირველადი ჯანადაცვის სისტემის განვითარების დაბალ  დონეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2011 წლის მონაცემებით, ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში  მიმართვათა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში  2.3-ს შეადგენს, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებისათვის იგი 7.5-მდე აღწევს.

კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ექიმ-სპეციალისტთან მიმართვის გზების შესახებ. პაციენტთა გარკვეულ ნაწილს ურჩევნია მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მისთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურებას და იქნება მისი ინტერესების დამცველი ერთადერთი აგენტი.

მეკარიბჭის მოდელს უფრო მეტად აქვს პაციენტის საჭიროებებზე რეაგირების, სამედიცინო მომსახურების კოორდინაციის გაუმჯობესების და ხარჯების შეკავების უპირატესობა. ეს მიდგომა უფრო შეესაბამება პირველადი ჯანდაცვის ძირითად ღირებულებებს, ხაზს უსვამს ოჯახის ექიმის უმთავრეს როლს მკურნალობის პროცესში, ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობებში ნდობის და ინდივიდუალური პაციენტის საჭიროებებზე რეაგირების მნიშვნელობას.

მიზანშეწონილია მეკარიბჭის მოდელის განვითარება, კერძო სამედიცინო დაზღვევის გამოცდილების გაზიარება და მისი გამოყენება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც. პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციებმა აქტიური ახსნა-განმარტებითი ღონისძიებები უნდა ჩაატარონ მეკარიბჭის მოდელის სარგებლების თაობაზე. ამავე დროს, საჭიროა ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ბენეფიციარებს სტიმულს მისცემს მიმართონ სპეციალისტებს მათი ოჯახის ექიმის მეშვეობით. ასეთ სტიმულად შეიძლება განვიხილოთ პრიორიტეტის მინიჭება ექიმ-სპეციალისტთან მიმართვაზე ოჯახის ექიმის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ექიმ-სპეციალისტს მიმართავს ოჯახის ექიმის გარეშე, დამატებით გადახდის დაწესება.

მეკარიბჭეობის მოდელის ფართოდ დანერგვისათვის თითოეულ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს მუდმივი ოჯახის ექიმი, რომელიც მათ უზრუნველყოფს უწყვეტი და ყოვლისმომცველი სამედიცინო მომსახურებით. ამისათვის აუცილებელია ოჯახის ექიმების განათლების დონის ამაღლება. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების პაციენტებთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება, რაც გავლენას ახდენს პაციენტების პრეფერენციებზე. შესწავლილ უნდა იქნას ოჯახის ექიმების, როგორც მეკარიბჭეების მოტივაციის გაზრდის მეთოდები.

სასურველია მეკარიბჭეობის მოდელის ნებაყოფლობითი სახით შემოღება. მეკარიბჭეობის მოდელის ნებაყოფლობითად არჩევანი მისაღებია როგორც ექიმებისათვის, ასევე პაციენტებისათვის, რადგან იგი ნეგატიურად არ ზემოქმედებს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობებზე. გარდა ამისა, ნებაყოფლობითი არჩევანი კიდევ უფრო ზრდის ოჯახის ექიმის პასუხისმგებლობას, რადგან იგი უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ სამედიცინო მომსახურებას.


თენგიზ ვერულავა 

მედიცინის დოქტორი, პროფესორი,

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

5.04.2020

დაგვიმეგობრდით