რეაბილიტაცია და მისი გავლენა დაავადების კლინიკურ გამოსავალზე

რეაბილიტაცია და მისი გავლენა დაავადების კლინიკურ გამოსავალზე

რეაბილიტაციის სამსახური აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში
(აქტუალობა, ჩვენებები, არსი, კლინიკური გამოსავალი)


მიუხედავად იმ არასასურველი ფაქტისა, რომ თანამედროვე  ევროპული სტატისტიკის მიხედვით ჩვენი ქვეყანა გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის მიხედვით ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალშია, დღესდღეისობით ჩვენი ცენტრი ჯერ კიდევ ერთადერთია, სადაც კარდიული რეაბილიტაცია ფუნქციონირებს.  მიმდინარე საუკუნეში მსოფლიოს ქვეყნებში უამრავი კვლევაა ჩატარებული, რომლის შედეგები ადასტურებს მკურნალობის აღნიშნული მიმართულების მკვეთრად პოზიტიურ გავლენას დაავადების კლინიკურ გამოსავალზე. იგი ევროპისა და ამერიკის თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით ყველაზე მაღალი კლასისა და დონის რეკომენდაციებით არის ნაჩვენები. ვინაიდან ჩვენ თანამედროვე მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების წევრები ვართ, კარდიული რეაბილიტაციის, როგორც პაციენტის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალეფექტური მეთოდის დანერგვა ჩვენს ცენტრში სრულიად ლოგიკური იყო.
2013 წელს ცენტრში კარდიული რეაბილიტაციის  დანერგვის შემდეგ იგი წარმატებით ფუნქციონირებს და მისი ჰოსპიტალური და ამბულატორიული ფაზა მუდმივად  ვითარდება. ამ დროისათვის იგი ჩატარებული აქვს 3000-ზე მეტ პაციენტს. რეაბილიტაციის პროგრამებს წარმართავს გერმანიის ლიდერ კარდიოლოგიურ კლინიკაში ტრენირებული კარდიოლოგი და რეაბილიტოლოგი.

კარდიული რეაბილიტაცია ტარდება მკურნალობის ორივე ეტაპზე - ჰოსპიტალში წოლის პერიოდში და ბინაზე გაწერის შემდეგ.  არა მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რომ პაციენტი კლინიკიდან გაეწეროს დამაკმაყოფილებელი კლინიკური სტატუსით, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ კლინიკური სტატუსის შენარჩუნებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცენტრი ორიენტირებულია დაავადებისა, თუ ინტერვენციის როგორც ახლო, ასევე შორეულ კლინიკურ გამოსავალზე, შესაბამისად,  ცენტრში ფუნქციონირებს არა მხოლოდ ჰოსპიტალური, არამედ  ამბულატორიული რეაბილიტაცია.

კარდიორეაბილიტაციის ჩვენებებია:

  • სტაციონარში  - ყველა კარდიოქირურგიული ოპერაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, ის შემთხვევები, როდესაც პაციენტის მობილიზაცია ვერ ხერხდება საწოლში ხანგრძლივი იმობილიზაციის გამო. რეაბილიტაცია იწყება ჰოსპიტალიზაციის პირველივე დღეებიდან და გრძელდება სტაციონარში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ბინაზე გაწერის დღის ჩათვლით.
  • ამბულატორიულად - ყველა კარდიული პათოლოგიის (მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, სტენოკარდია, გულის უკმარისობა და სხვა) და ინტერვენციის შემდეგ(კარდიოქირურგიული ოპერაციები, კორონარული სტენტირება, პეისმეიკერისა და დეფიბრილატორის იმპლანტაცია) კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში.
  • მკურნალობის ორივე - ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ ეტაპზე კარდიული რეაბილიტაცია მოიცავს მკურნალობის კომპლექსურ მეთოდებს, რაც მედიკამენტური თერაპიის პარალელურად გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას აერობული და რეზისტენტული ვარჯიშების სახით, ერგოტრენინგებს,   პაციენტების  განათლებას, მისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ლექციების სახით  ინდივიდუალურად და ჯგუფებში, არსებული რისკის ფაქტორების კორექციის, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის სახისა და დოზის შესახებ.
  • ყველაზე მაღალი კლასის საერთაშორისო  რეკომენდაციებისა და ჩვენი გამოცდილების საფუძველზე კარდიული რეაბილიტაცი   იწვევს სისხლძარღვებში მიმდინარე ათეროსკლეროზული პროცესის სტაბილიზებას, მისი პროგრესირების ტემპის შეფერხება/შეჩერებას. აქედან გამომდინარე,  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების ახლო და შორეულ გამოსავალს. კერძოდ:  ამცირებს სიკვდილობას, დაავადებისა და ინტერვენციის განმეორებით შემთხვევებს, აუმჯობესებს პაციენტის ფუნქციურ უნარს,  ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობასა და ცხოვრების ხარისხს. იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადების მეორეული პრევენციის საუკეთესო და ამავდროულად  მკურნალობის ხარჯთეფექტური მეთოდია.
  • კარდიული რეაბილიტაციის პარალელურად ცენტრში ფუნქციონირებს პულმონური(ფილტვის)  რეაბილიტაცია, რომლის ხარისხიანი წარმათვაც ცენტრში არსებული რეაბილიტაციური სამსახურის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა. ფილტვის  რეაბილიტაცია ქრონიკული რესპირაციული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის პროფესიული დაავადებები, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია და სხვა) მქონე პაციენტების მართვისა და შემანარჩუნებელი მკურნალობის ნაწილია. იგი აძლიერებს სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებას, შედეგად კი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. რეაბილიტაციის პროცედურები ტარდება როგორც სტაციონარში ყოფნის პერიოდში, ასევე ამბულატორიულად ინდივიდუალურად და ჯგუფებში. ბოლო ეტაპზე კი ექიმისა და რეაბილიტაციის სპეციალისტის მიერ რეკომენდებული სუნთქვითი, აერობული, იზომეტრული ვარჯიშები გრძელდება საჭიროებისამებრ ბინაზე.
  • ცენტრში ექსტრაკარდიული ტკივილის მართვის მიზნით ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ფონოფორეზი, ელექტროფორეზი, ელექტროსტიმულაცია, კინეზოთერაპია, მანუალური თერაპია. ცენტრის რეაბილიტაციის სპეციალესტებს აღნიშნული სამკურნალო პროცედურების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ. პროცედურები ტარდება თანამედროვე ფიზიოთერაპიული აპარატით. ელექტროსტიმულაცია ტარდება სხეულის იმ ტერიტორიაზე, სადაც ლოკალიზებულია ტკივილი. ტრანსკუტანული(კანიდან) ელექტრული სტიმულაცია ტკივილის მართვის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია. ხდება კანის გზით მტკივნეული უბნებისკენ ელექტრული იმპულსების გაგზავნა, უჯობესდება კუნთოვანი და მიმდებარე ქსოვილების მეტაბოლიზმი, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, შესაბამისად მცირდება ტკივილი.
  • ფონოფორეზი ულტრაბგერითი ტექნიკაა, რომლის დროსაც გამოიყენება გარკვეული მედიკამენტი(ანალგეტიკი, სტეროიდი/არასტეროიდი, ანესთეთიკი). ხდება ამ სამკურნალო ნივთიერებათა ტრანსკუტანული გზით შეყვანა ღრმად მდებარე ქსოვილებში. აღნიშნული პროცედურა იწვევს ანალგეზიას პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაძლიერების, უჯრედის მემბრანის განვლადობის გაუჯობესებისა და კუნთოვანი სპაზმის შემცირების საფუძველზე. ფიზიოთერაპიის აღწერილი სახე ჩვენს საკუთარ პრაქტიკაში ყველაზე ხშირია.
  • ელექტროფორეზი ტარდება ეუფილინითა და კარიპაზიმით. აუმჯობესებს უჯრედის მეტაბოლიზმს, ნივთიერებათა ცვლას.  აქვს სედაციური, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
  • ჩამოთვლილი ოთხივე ფიზიოთერაპიული პროცედურა ტარდება ჩვენი ფიზიოთერაპიული აპარატით,  ისინი ტკივილის მართვის ცენტრებში ქრონიკული ტკივილის მართვისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი საშუალებებია.

კინეზოთერაპია(ფიზიკური თერაპია) გულისხმობს სამკურნალო ვარჯიშებს კუნთებისა და სახსრების გასააქტიურებლად.  აღნიშნული რეაბილიტაციური პროცედურები აუმჯობესებენ სისხლის პერფუზიას ქსოვილებსა და ორგანოებამდე და საბოლოო ჯამში, იწვევენ ტკივილის შემსუბუქებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია  აპარატი - "მოტომედით“ ქვემო კიდურების ინტენსიური ვარჯიშები პაციენტის მწოლიარე პოზიციაში, რასაც ჩვენი გამოცდილებით საკმაოდ დიდი ეფექტი აქვს. ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ თერაპიას მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე ანალგეზიურ პრეპარატებს.

მანუალური თერაპია - მასაჟი წარმოადგენს ტკივილის მართვის დამატებით ფართოდ გამოყენებულ საშუალებას. მას აქვს  აშკარა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ვინაიდან მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას ლოკალურ ტერიტორიაზე, იწვევს კუნთების მოდუნებას, რითაც ამცირებს კუნთოვან სპაზმს, შეშუპებას და აუმჯობესებს კუნთების ტონუსს.

დაგვიმეგობრდით