ნათელა რუხაძე, 70 წლის:
"8 დეკემბერს გავიკეთე მეორე აცრა და 11 დეკემბერს, შემამცივნა. მეორე დღეს უხასიათოდ ვიყავი და სიცხე აღმომაჩნდა 37,5. კოვიდი არ მეგონა. ორშაბათს წავედი სწრაფი ტესტის გასაკეთებლად და ყურს არ დავუჯერე, რომ მითხრეს, კოვიდდადებითი ხართო. შინ რომ მოვედი, ოჯახის ექიმი დამიკავშირდა, გამომკითხა ყველაფერი, დამარიგა, დამამშვიდა. 1 კვირის თავზე ჩემმა ექიმმა დაგეგმა და წამიყვანეს ანალიზებზე, მეორე დღეს დამირეკეს დედიმერი გაქვთ მაღალი, არის თრომბის საშიშროება და გჭირდებათ ჰოსპიტალიზაციაო. საავადმყოფოში მოხვედრის ძალიან მეშინოდა, ამიტომ სასტიკ უარზე ვიყავი. ძალს მე ვიყავი და ძალს - ექიმები... ასე აღმოვჩნდი "ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში". ყურადღება მომაქციეს, მომხედეს, მომიარეს, არაჩვეულებრივი პერსონალი დამტრიალებდა თავს: ლელა კოპალეიშვილი, ნესტან ლაშხი, შორენა ნოზაძე... რამდენიმე დღეში ჩემი გოგონაც ცუდად გახდა, როგორც ჩემ კონტაქტს, მასაც კოვიდი დაუდასტურდა და კლინიკაშიც შემომიერთდა.
იმასაც გადაჰყვნენ ზედ. საბედნიეროდ, მხოლოდ ჩვენ არა, ყველას ასე გულისხმიერებით ემსახურებოდნენ, უვლიდნენ. მოკლედ, ამ ადამიანებმა დაამსხვრიეს ჩემში ჩაბუდებული სტერეოტიპი. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან მეშინოდა საერთოდ საავადმყოფოში მოხვედრა, იმდენი ცუდი მქონდა მოსმენილი, სოციალურ ქსელში მინახავს, როგორ ჰყვებოდნენ, - საერთოდ არ აქცევენ ავადმყოფებს ყურადღებასო. შეშინებული ვიყავი, მაგრამ ჩემ მაგალითზე გეუბნებით, არ დაიჯეროთ... როგორც ვიცი, ბევრი ადამიანის გარდაცვალება დაგვიანებული მკურნალობის ბრალია, ამიტომ აუცილებლად დროულად მიმართეთ მედიცინის მუშაკებს. ერთგულად, თავდაუზოგავად, გულიანად და პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი ექიმები. ეს ხალხი ნამდვილად ღირსია შექების და მადლობის თქმის".